Sunday, February 21, 2010

ერთი სევდიანი მოგონება

ვერ ვიტან ხმაურიან საათებს. საათებს ყოველი წამის ხმა რომ გესმის... ტუკ ტუკ ტუკ ტუკ... ერთი ორი სამი ოთხი ხუთი... გრძნობ როგორ გეცლება დრო, როგორ გადის ყოველი წამი, როგორ გეპარება და გენანება... ღამდება, მერე ისევ თენდება და ღამდება. გინდა დაიჭირო, გინდა შეცვალო ყოველი ის წამები საათები, რომ იპარავენ. გინდა დაბრუნდეს ბავშვობიდან მიმო, შენი საყვარელი მიმოზა, რომელიც არც ბებო იყო, არც დეიდა, არც ნათესავი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანი შენი ცხოვრებიდან. ახლა ყვითელი მიმოზების ცქერა გახსენებს მიმოს, ყველაზე თბილს, ყველაზე ღიმილიანს... ჩემი ძველი ეზოც, ის პატარა პადვალი სახლიც სადაც მიმო ცხოვრობდა...
ხალხს ლამაზი ისტორიების მოსმენა უყვარს, ლამაზი ხალხით... ჩემი მიმო არც ლამაზი იქნებოდა თქვენთვის და არც ჩემდამი მისი მოგონებაა ლამაზი ისტორია... ამ მოგონებას სევდა ათბობს... და მიმო ყველაზე, ყველაზე ლამაზია ჩემთვის...
მიმოს ნათესავები ყავდა მოსკოვში, ლენა ბებოსთან ბებიაჩემთან ამოსვლა სულ ანუ ყოველ დღე ყავაზე რცხვენოდა და... არც ტელეფონი ქონდა მიმოს მაშინ...
-მიმოზა, მიმოზა მოსკოვია
დაუძახებდა თურმე ჩემი ნამდვილი ლენა ბებია ფანჯრიდან(დედაჩემის დედა), რომ ამოეტყუებინათ ერთ-ერთი ხერხი იყო.

და ამორბოდა მიმოზა, ეცემოდა ტელეფონს “ალიო ალიო” და ტელეფონი ნანატრი ხმების მაგივრად ყველასთვის ნაცნობი ხერხით დუმდა... ტუ ტუ ტუ... ახლა კი ხვდებოდა მიმო, რა მწარედ მოატყუეს ტკბილი და ცხელი ფინჯანი ყავისთვის... და ხვდებოდა იქვე შეკრებილი საზოგადოება-სამეზობლო, როგორც იციან ხოლმე ბათუმში ახლაც “კოფეს” დასალევად ყოველ დილით...
მერე ბებო გარდაიცვალა, ისე რომ მე ბებო არც მახსოვს და რომ არა მიმო ალბათ ვერასოდეს ვიგრძნობდი ამდენ სითბოს. მიმოსთან დავრჩენილვარ კიდეც ღამე, ერთხელ მისი დიდი ლოგინის ქვეშ პატარა სათამაშო გადამივარდა და ვერ ვიპოვეთ და წლების მერე ბათუმში რომ ჩავედი, მიმომ დამახვედრა, უპოვია შემთხვევით... ისე გამიხარდა თითქოს იმ დიდ საათს, რომელიც ახლაც დამწკაპუნებს თავზე, ერთი ისარი მოვატეხე და შევაფერხე....
მიმო იყო ის ადამიანი, რომელსაც მე ყველაფერს ვუზიარებდი, ჩემი საიდუმლოებები იცოდა... პატარა ბავშვური სიყავრულით, რომ ვიყავი ანთებული ისიც... მაშინ თითქოს ვგრძნობდი, რაღაცას ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი... არვიცი რატომ და როგორ იცვლებიან ადამიანები ესე... მახსოვს ერთხელ “მორვაგზალთან” საღამო ხანს გავისერინეთ მე და მიმომ და ვტიროდი... ჩემს ოჯახში რიგით კიდევ ერთი ჩხუბი მოხდა... მიმომ დამამშვიდა, მითანაგრძნო... ვგრძნობდი, რომ რაც მეტ დროს მპარავდა საათი რაღაცა იცვლებოდა, ჩემს ოჯახში იცვლებოდა და ჩემი სულიც იწნიხებოდა, რომ შეცვლილიყო, მე კი მედგრად ვუწევდი წინააღმდეგობას... ეს წამები ადამიანებს ძალიან ცვლიან... ადამიანები უცხოვდებიან, ბოროტდებიან, ჩხუბობენ და ცხოვრებისეულ წვირლმანებში კარგავენ რაღაც ფასეულს. თავიდან რაღაც ძალიან კარგი ჩადეს ჩემში და მერე თითქოს ამის ამოგლეჯას ცდილობდნენ სულიდან. უცნაურია, რომ ერთი სახლის კედლები ამდენს იტევს... იმ დროს, როცა მიუხედავად დიდი სიდუხჭირისა და იმ საშინელი დროისა, რომელიც მაშინ საქართველოში იდგა სახლში სითბო იყო, ტკბილი ყავა და მუსააფი და რაც მთავარია მხოლოდ ფიზიკური კი არა ულევი სითბო გულებში... და ამ დროსაც იტევს... იცით ჩემს ძველ სახლში კედლებს ყური, რომ მიადოთ იმ დღევანდელ ჭიქების წკარუნს, კოვზის რახარუხს ჭიქაში, ხმამაღალ საუბარს და კისკისსაც გაიგონებთ მიმოს და ლენა ბებოს ხმასაც... უახლოესი დროის ხმის მოსმენა თუ მოგინდებათ კედელზე მიდებული ყური გულს გაგიცივებთ, რაღაც შეიცვალა... მე თბილისში გადავედი, მაგრამ ზაფხულობით მაინც ჩამოვდიოდი და სიყვარული არ გამნელებია მიმოსდამი... მერე ბიძაჩემმა თავისი მეორე ნახევარი იპოვა და აი ამ დროს კი ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენი კედლის მეზობლები არასოდეს გამოირჩეოდნენ ჩვენთან მეგობრობით, მერე სიტუაცია შეიცვალა... იმათ კარგი სამსახური ჰქონდათ და ახლაც აქვთ, სამაგალითო თუ თითით საჩვენებელი ოჯახი და ვინ იყო ამ დროს მიმო?! მიმოს სიდუხჭირის გამო იქვე პატარა მაგიდა გაჰქონა, “სემიჩკებს”, სიგარეტებს, “კევებს” და მობილურის ბარათებს ყიდდა სიცივეში, სითბოში სიცხეში, წვიმაში, თოვლში, ქარში, სიბნელეში... მას უკვე აღარ ეძახოდნენ ჩვენთან ყავაზე, მე ჩავდიოდი ხოლმე, ზაფხულობით როცა ბათუმში ვიყავი და ბევრს ვსაუბრობდით... აწყენინეს კიდეც მიმოს... მაგრამ ჩემი ოჯახისთვის მიმო ვინ იყო?! არც არავინ მგონი... სისხლით დანათესავებული დავიცავით და მიმოს აღარავინ ეპატიჟებოდა ჩვენთან... ავად იყო, იმიტომაც არ ყავდა საკუთარი შვილი და არ ეშვებოდა ეს ავადმყოფობა მთელი ცხოვრების მანძილზე და მაგ ავადმყოფობამ გაიყოლა კიდეც ჩემი მიმო... მაგრამ ყველაზე თბილის და ყველაზე ღიმილიანის გულში სად ქონდა გაბრაზებას, ბოღმას, დარდს ან შურს ადგილი, ოჯახის ახალ შემატებული წევრებისთვისაც კი არ მოუკლია ის მზურნველობა, რაც მას შეეძლო. ავადმყოფი და ტკივილებით დატანჯული, ისე რომ არავისთვის უთქვამს, რომ ფიზიკურად ტკიოდა ყველა დღე “კალიასკის” ატანა ჩამოტანაში ეხმარებოდა, ბავშვს ეთამაშებოდა, ეზოში თვალყურს ადევნებდა, მასაც კი გაყავდა, მაგრამ ის “კოფეზე” დასაპატიჟებელთა სიაში მაინც არ ეწერებოდა. “კოფეზე” ახლა სხვა ხალხი იკრიბება და სიცილ-კისკისის მაგივრად უფრო ლანძღვა გინებას გაიგონებთ სხვა მეზობლებისას... ახლა ელიტრული დახვეწილი ყავის ფინჯნების რაკარუკი ისმის და არა ძველი ზოგი ყურმოტეხილი ფინჯნისა...
გარეთ ციოდა თუ ცხელოდა, წვიმდა თუ მზე ანათებდა გარეთ იყო მიმო და რაღაცეებს ყიდდა... მე ახლაც მტანჯავს ეს კითხვა და ეს არამარტო ჩემს სისხლით ნათესაობით განმტკიცებულ წრეში ხდება, არამედ თქვენთანაც მკითხველო... ან თქვენ ექცევით ეგრე ან თქვენ გექცევიან... სულ მიკვირდა, როცა ვიღაცა გავლენიან და ცნობილ ოჯახთან სტუმრად წასასვლელად გამომპრანჭავდა დედა, რატომ ვყიდულობდით ძვირფას საჩუქრებს მათთვის ვისაც არ ჭირდებოდა და ოჯახის ღარიბი მეგობრებისთვის კი გადმოვაწყობთ ხოლმე ნახმარ ტანსაცმელებს და ნახმარ რაღაც-რუღაცეებს, ზედმეტ უსარგებლო ნივთებს ან ვყიდულობთ შედარებით ნაკლეფასიან საჩუქრებს. განა იმათ უფრო ჭირდებათ ძვირფასი საჩუქრები, ვისაც არ აკლია არაფერი, რომ იყიდოს ამ ჩვენ საჩუქრებზე ასჯერ უფრო უკეთესი თუ იმათ ვისაც არ შეუძლიათ ესენი იყიდონ... მე ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს, რატომ აჩუქეს მიმოს ნახმარი “კურტკა” და სხვასთან გავლელნიან ოჯახში წასასვლელად, რომ მოვემზადეთ ისეთი კონიაკით და ტკბილეულით წავედით, რომ ორ ესეთ ახალ “კურტკას” იყიდდა ეს კონიაკი და “ბამბანერკა”?!
ტელეფონმა დარეკა მახსოვს... დედაჩემის შეშფოთებული ხმა იყო... მიმო გამხდარა ავად... თბილისში ონკოლიურში იწვა... აზოტიც მომატებული ქონდა სისხლში და გასიებული იყო, თუმცა მედიცინაში კარგად ვერ ვერკვევი და ეს არვიცი რატომ, თუმცა რა მნიშმვნელობა აქვს, მიმო ცუდად იყო...
სექტემბერი იწურებოდა, თბილი სექტემბერი იყო და ის დრო იყო ჯერ კიდევ აცივებას, რომ იწყებდა... დავურეკეთ და მოვალთო მიმოს ნათესავებს ვუთხარით... მიმოს არ უნდოდა ესეთი გვენახა, გასიებული... რცხვენოდა... და ხვალ მოვიდნენო დაიბარა... არადა დრო არსად გვციდიდა... ექიმები თქვეს დიდი დრო აღარ დარჩა და აზრი არ აქვს არაფერსო... შეიძლებოდა ბათუმში გადაეყვანათ და იქ მერე მე ვეღარ წავიდოდი და ვეღარ ვნახავდი და იმ საღამოს მე დედაჩემი და მამაჩემი წავედით სანახავად... საღამო იყო და ძლივს მივასწარით, იმიტომ რომ მალე ნახვის საათები მთავრდებოდა და მერე შესვლა იქნებოდა აკრძალული... არ უნდოდა მიმოს მენახა ამ მდოგმარეობაში, მაგრამ რომ მივედი გაუხარდა... ცრემლებიც კი წამოუვიდა მაგრამ მალევე მოიშორა, რომ არ დამენახა... კარგად იქნები მიმო მეთქი, აი ნახავ კარგად იქნები მეთქი... და ჩავეხუტე... მამამ მერე ფული აჩუქა... იმასაც კი არ ართმევდა... ამ ფულმა მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღე გახადა გასაძლისი, ფიზიკურად გასაძლისი, არადა მიმოს სულიერი გამძლეობა ჭირდებოდა არა მხოლოდ სიცოცხლის ბოლო მომენტებში არამედ მაშინ იქ იმ სიცივეში “სემიჩკას”, რომ ყიდდა... ენაცალოს მიმოზაო მითრხა და ჩამეხუტა წამოსვლის წინ... მერე ბათუმში წაიყვანეს მიმო და მალეც გარდაიცვალა იმ პადვალის სახლში და მის მშობლიურ სოფელში დაკრძალეს...
არვიცი რა გვემართება ადამაინებს და რატომ ვიქცევით ასე... რა იცვლება ჩვენში ამ საათის წკაპწაკუპისას... დარწმუნებული ვარ ბევრი ვინც ამას წაიკითხავს მოქცეულა ასე... იცით ხმის არ ამოღებაც დანაშაულია... თანამონაწილეობაა და მე ძალიან ვწუხვარ, რომ მათ რიცხვებში მეც ვარ... მტკივა ეს მოგონება, გულს ტკივა... დავექაჩებოდი იმ დიდ საათს გადავატრიალებდი ისრებს, რომ მიმოს კიდევ ერთხელ მოვხვეოდი და კიდევ ერთხელ გამეგონა ენაცალოს მიმოზაო, მაგრამ დროს უკან ვერ დავაბრუნებ და რომც დამებრუნებინა ამით მე ჩემს საქციელს ვერც გამოვასწორებდი. მე მინდოდა მკითხველი, ბათუმში იმ პატარა სახლში, იმ პატარა ეზოში, იმ დროში დამებრუნებინა და საშუალება მიმეცა იქ შეეხედა და მერე შეეფასებინა... არვიცი რამდენად გამომივიდა, მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ მიმო იყო ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება გაალამაზა, გააფერადა და გაათბო... რომ შეიძლება ის აღარავის დაამახსოვრდეს, მაგრამ ის მუდამ არის ჩემს გულში და მუდამ მახსოვს... მინდოდა მეთქვა, რომ ადამიანებზე გაწეული ამაგი, მათთვის გადაცემული სითბო და მათი სიყვარული ყველაზე დიდი გმირობაა, რაც კი შეუძლია ადამიანს გაწიოს. ეს რეალური ისტორიაა, მე სახელიც კი არ შემიცვლია, იქ ბათუმში პადვალში მოწყობილ სახლში ერთი გმირი ცხოვრობდა, თქვენ მისი არსებობა არ იცოდით და ჩემს გულში კი მუდამ ცოცხლობს და იცოხლებს სანამ მე ვცოცხლობ. და თქვენს ირგვლივაც ძალიან ბევრი დაუფასებელი გმირია...
........
საათი კი ისევ წკაპუნობს, უკვე მერამდენე საათია, რომლიც ვიყიდე, თითქოს უხმაურო, მაგრამ ღამის სიჩუმეში კარგად ისმის მაინც საათის მექანიზმის გულის ხმაური, ძალიან მცირედ ისმის წამების გასვლის დრო, მაგრამ მაინც ისმის. ისეთი საათი რომ ვნახო, რომლიდანაც არაფერი ისმის, მე ხომ ვიცი, რომ შიგნით სადღაც ჩუმად მაინც წკაპუნობს. დროის გასვლას მამცნობს... მეჩქარება, ძალიან მეჩქარება... მაგრამ მაინც უნდა იხმაუროს საათმა, რომ გაგახსენოთ, რომ მალე ვიღაცას მოგტაცებთ და აი ასე ჩემსავით ვერაფერს ვერ მოასწრებთ, მომანანიებას ვერ მოასწრებთ და გულში სევდას და დარდს დაგიტოვებთ...
ძალიან მეჩქარება...

No comments:

Post a Comment